ოთარაანთ ქვრივი
უკანასკნელი განდობა
— მღვდელი, ღვთის გულისათვის, მღვდელი!.. — დაიკვნესა პატარა ხანს უკან დედამ, რა ცოტა გულს მოეშვა და დაბნეული გონება მოიკრიბა.
მოიყვანეს მღვდელი და შვილი უზიარეს!..
მანამ ეს მოხდებოდა, ოთარაანთ ქვრივი თითქო ღონეზედ მოვიდა. ჯერ ხომ გულმა გასტეხა, მერე თითონ მოერია გულსა, თითონ გაიტეხინა გული. როგორც ტყვიანაკრავი ვაჟკაცი, ისე გაუძალიანდა, გაუკერპდა, გაუჯიქდა ტკივილსა და წვა-დაგვას.
ოთარაანთ ქვრივმა ერთს მუხლზედ წამოიჩოქა, გადააწვდინა ხელი, გადაჰხადა საბანი და გულზე ხელი მოუსვა ხმაჩაკმენდილს და თვალებ-დახუჭვილს შვილსა.
დედის გულთამხილავმა გულმა პირველშივე შეიტყო, რომ აქ საშველი აღარა არის-რა და შვილს სიკვდილი ხელიდამ აცლის. აღარაფერი იკითხა, აღარაფერი იძია... იმედ-გადაწყვეტილი მარტო იმას-ღა ეშურებოდა, ისე არ მომიკვდეს, რომ ხმა არ გამცეს, არა მითხრას-რაო.
— შვილო, გიორგი! აბა ერთი მომხედე შენს დედას!.. რა დაგემართა!.. ვაჟკაცი რამ გძლია ისე, რომ დედისათვისაც თვალს არ ახელ!..
შვილმა იგრძნო დედის ხელი თავის გულზედ, თუ ხმამ დედისამ გამოაბრუნა, — ეს კი იყო, რომ თვალი გაახილა და უღონოდ მოატარა გარშემო. მალე ისევ მიელულა თვალი, ისევ დაეხუჭა და ტუჩებს-ღა დაუწყო ტოკვა.
— თქმა უნდა და ილაჯი აღარა აქვს... — დაიკვნესა დედამ.
ამის თქმაზედ ორი სხვილი ცრემლი ჩამოუგორდა თვალთაგან და გაფითრებულ ლოყებზედ ნავალი დააჩნია, თითქო მდუღარე ტყვია იყო და საცა გაიარა, ამოსწვაო.
სახე კი... არ უტიროდა, არა!..
გაკერპებულმა დედამ სახეს არ ამოაბეჭდვინა მწვავი ტკივილი გულისა. ძალის-ძალად გაყინული ცრემლი კი დაადნო ცეცხლმოკიდებულმა გულმა და ძალის-ძალადვე შეუპოვრად შეკრულს სახეს ერთი ძარღვიც ვერ შეუშალა. იმედ-გადაწყვეტილობის სუსხმა ისევ გაჰყინა ეს დამდნარი დედაკაცი.
— წყა... — წამოიხრიალა გიორგიმ და ვერ დაათავა სიტყვა.
— წყალი, წყალი! — დაიძახა რამდენმამე ხმამ ერთად.
დემეტრემ ურჩია, ღვინო მიაწოდეთ, ცოტად მოაღონიერებსო.
— შვილო, დედის-ერთავ, მამის ობოლო! ერთი ხმა გამე, ერთი კიდევ მომხედე!.. — შეჰკვნესა დედამ და ტუჩებთან მიუტანა პატარა თასით ღვინო.
გიორგიმ ორიოდე წვეთი ჩაჰყლაპა და თითქო მოსულიერდა, თვალი ხელახლად აახილა, წყნარად მიატარ-მოატარა და უეცრად გაუშტერდა.
დედამ შვილის თვალის სისწვრივად გაჰხედა და დაინახა მტირალი კესო...
— დედი! ჰხედავ... ამ... ანგელოზს!.. — ძლივ-ძლივობით გამოსთქვა გიორგიმ, ისევ კესოზედ თვალ-გაჩერებულმა.
— ვხედავ, შვილო!..
— დედი!.. ღვინო...
დედამ კიდევ დაალევინა ღვინო.
— ეგ იყო ჩემი ბედისწერა... არა ვნანობ, არა! — კვლავ მიუბრუნდა გიორგი გაწყვეტილს სიტყვას.
არჩილმა გაოცებით შეჰხედა კესოს. კესოსაც ელდა ეცა, გაფითრდა, გაშრა, გაშტერდა. დედას კი თითქო არ ეუცხოვა ეს ამბავი.
არც არჩილმა, არც კესომ, არავინ, არავინ არ გაჰბედა ამისთანა ზარიანს დროს ხმა ამოეღო. ყველა სმენად გადიქცა.
— აი, ნეტავი ერთი შენს კალთას მაინც მამთხვევინა და ისე მომკლა!.. — ინატრა გიორგიმ და იმისმა თვალმა, კესოზედ მიქცეულმა, უფრო სთქვა ხვეწნა და ვედრება, ვიდრე ენამ და ხმამ.
კესო ტირილით მივარდა და თვალ-ცრემლიანმა შუბლზედ აკოცა გიორგის... თავი რომ აიღო, ცრემლი მოსწყდა და მომაკვდავს გულზედ დაეცა. ამ პატარა უეცარმა ცრემლმა ერთხანად შესძრა გიორგი და შეაჟრჟოლა. ეს ცრემლი თითქო უკვდავების წყაროდ ებკურა, იამა, გაუხარდა, მოსულიერდა, თითქო მიმავალი სიცოცხლე უკანვე დაუბრუნდაო.
ამისთანა დროს სიხარული, ბედნიერება, იგივ სიცოცხლეა, მხოლოდ ხანმოკლე და შეურჩენელი.
— ჰხედავ, დედი!.. ცოცხალი მაგის ღიმს ვერ ვეღირსე, ვკვდები და მაგისი ცრემლი ზედ დამდის. ესეც მეყოფა თან წასატან ლხენად... არა ვნანობ, არა!.. მივდივარ და თან მიმაქვს ამის ცრემლით განედლებული სიხარული. იქ ვახეირებ, იქ... ნუ იწუხებ, დედი!.. შენგან გამიგონია, რასაც არა ეშველება-რა, კაცი არ უნდა აეთრევინოსო!.. არჩილ, ნუ მიწყენ, ნუ!.. ნურც შენ, ნურც შენ!.. განა არ ვიცოდი, — მე ვინ და შენ ვინ!.. სად მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს... გული გწვდებოდა, გული, ხელი კი ვეღარ... ხატსავით გლოცულობდი, მზესავით დამნათოდი... არც კი იცოდი, — ვის ათბობ, ვის ალხენ, ვის აცოცხლებ!.. მინამ ცოცხალი ვიყავ, ვერ გაგიტყდი, მცხვენოდა... მერიდებოდა... მეშინოდა... ვკვდები და გეუბნები... მკვდარს რაღა მომეკითხება? მკვდარი ყველა თანაბარია!..
თავი უღონოდ მოსწყდა ბალიშზედ, თვალი ისევ მიელულა, სულმა ბრძოლა დაუწყო და მარტო ხელს-ღა აფათურებდა უძლურად, თითქო ვიღასაც ეძებს და იმისი პოვნა უნდაო.
პატარა ხანი კიდევ და გიორგი აღარ იყო.
— გაჰთავდა!.. — დაიკივლა დედამ და ზედ გადაეშვა მკვდარს შვილსა. პირქვე დაემხო შვილის გულზედ. აღარც ხმა, აღარც კრინტი!.. კაცს ეგონებოდა, დედამ შვილის გულზედ სული დაჰლიაო.
ცოტა ხანს მოუცადეს, ვითომ გულზედ მოეშოსო, მაგრამ რაკი ნახეს, რომ ეს დედაკაცი არც ხმას იღებს, არც იძვრის, ფიქრი მიეცათ, — ხომ არა აუტყდა-რაო.
კესო მივიდა და ჰლამოდა აყენებას, ოთარაანთ ქვრივმა მაშინღა მოსცა ხმა.
— თქვენი ჭირიმე, მარტო მამყოფეთ ჩემ მკვდარ შვილთან. მე არა მიშავს-რა. იმისთანა ვარსკვლავზედა ვარ გაჩენილი... მე ბედშავი!.. ვაი, რომ არა მიშავს-რა!..
არჩილმა ყველას აქ მოგროვილს მოახლე-მოსამსახურეებს ჩუმად ხელით ანიშნა ოთახიდამ გასვლა. ყველანი გაიკრიბნენ. არჩილი და კესოც ფეხაკრებით გავიდნენ, მხოლოდ მოახლეს უბრძანეს მეორე ოთახიდამ ყური ეგდო ოთარაანთ ქვრივისათვის.
დაცარიელდა ოთახი.
ეხლა კი წაიშინა თავში ხელი ოთარაანთ ქვრივმა, რაკი მარტო იგულა თავი.
— ჩემი გიორგი აღარ არის, არა!.. — ჰღმუოდა ხმადაბლა დედა. — მე დავრჩი, მე, და გიორგი კი აღარ არის!.. შვილო, წამიხველ? მომიკვდი? წამიხველ, წამიხველ და აღარ მომიხვალ!.. შვილო, შენი დასამარხავი ვიყავ და მე გმარხავ შენა, მე!.. შენი დასატირებელი ვიყავ და მე დაგტირი!.. ამ ხელებმა გაგზარდა და ამ ხელებმავე უნდა მიწა მოგაყაროს!? მაგ ხელებს უნდა დაეკრიბნა ჩემთვის გულზე ხელი და ეხლა მე უნდა დაგიკრიბო, მე!.. ვაი დედას, ამის დამსწრეს!..
პირქვე დაეცა ხელახლად შვილის გაცივებულს გულს და ტირილი კი არა, მარტო ქვითქვითით გოდება-ღა ისმოდა.
— ვუი, ვუი, ვუი!.. — გაისმა ოთახში ბღავილსავით ვიღასიც ტირილის ხმა.
ოთარაანთ ქვრივმა იუცხოვა და თვალი წყრომით მოატარა ოთახში.
ერთად-ერთი სანთელი ბევრს არას ანათებდა ფართო ოთახში და ნამეტნავად ერთს კუთხეში ჰბნელოდა. აქ მობუზული კაცი დაინახა ოთარაანთ ქვრივმა.
თავის უნებური კაცი ნახა თუ არა, გულჩვილი დედა უცბად ისევ მჭახე ოთარაანთ ქვრივად გადაიქცა.
— შენ ვიღას მეტიჩარა ხარ? — შეჰყვირა ოთარაანთ ქვრივმა გაჯავრებით.
— შენს საცოდავობას ვეღარ გავუძელ, ტირილი ყელთ მომებჯინა და არც მე მინდოდა, ტირილი წამსკდა და ძროხასავით ბღავილს მოვყევ ეს ოხერ-ტიალი...
— მერე აქ რას უგდიხარ?
— მარტოდ შემეცოდე. ვთქვი — უცხო სახლია, ესეც ადამიანია, წყალს მაინც მივაწვდი-მეთქი.
— ვინა ხარ?
— სოსია.
— ვინ სოსია?
— თუ გაგონდები, კარგია, თუ არა-და, მაინც ღმერთმა გილხინოს, თუ შვილის მერმედ კიდევ რამ სალხენი დაგრჩენია ამ წუთისსოფელში.
— რატომ არ დამრჩენია? სიკვდილის მოლოდინი ლხენა თუ არა გგონია!..
ბებერი მეწისქვილე, როცა ყველანი გავიდნენ, სხვებს არ გაჰყოლოდა და აქ ბნელს კუთხეში ქურდულად მიმალულიყო, წინანდებურად მობუზული.
— წადი, აქ შენ ადგილი არა გაქვს, — უთხრა ოთარაანთ ქვრივმა: — მარტო მინდა ვიყო…
— შენი ნებაა, წავალ და კარებს უკან ძაღლსავით მივეგდები თუ რამ დაგჭირდეს, დამიძახე.
— კარგი, მომშორდი!
WARNING - The message you received from @bdbalok is a CONFIRMED SCAM!
DO NOT FOLLOW any instruction and DO NOT CLICK on any link in the comment!
For more information, read this post:
https://steemit.com/steemit/@arcange/phishing-site-reported-steemituper
If you find my work to protect you and the community valuable, please consider to upvote this warning or to vote for my witness.