თანამგზავრი
პატარა მატარებელი ბაკურიანიდან ბორჯომში მიდის. ერთ-ერთ ვაგონში სამი კაცია მხოლოდ. ერთმანეთის პირისპირ სხედან. ორი მათგანი ახალგაზრდაა. ბიჭებს სათხილამურო ფეხსაცმელები, ვიწრო შარვლები და ჯემპრები აცვიათ – ერთს – წითელი, მეორეს – ცისფერი. მესამე ხანშიშესული კაცია. მუნდშტუკს მუხლის თავზე თითებით ათამაშებს და ფანჯარაში იყურება. კაცი ზურგშექცეული ზის ორთქმავლისკენ და მისი მზერა თითქოს რაღაცას მიჰყვება, ბიჭების თვალებს კი, როცა ისინი ფანჯარაში იხედებიან, თითქოს რაღაც ეგებება. კაცი უფრო ხშირად იხედება ფანჯარაში. ბიჭებს მობეზრდათ ბაკურიანი. პირველად კარგი იყო – თხილამურებით სრიალებდნენ, გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს, გორაკიდან ციგით ეშვებოდნენ. ღამ-ღამობით სეირნობდნენ: მძიმე სათხილამურო ფეხსაცმელების ქვეშ ჭრიალებდა თოვლი, სადღაც ვალისმოსახდელად აყეფდებოდა ძაღლი, ფანჯრებში ჰქრებოდა სინათლე – ბაკურიანი ხუჭავდა თვალებს. სამაგიეროდ ცაში ინთებოდნენ ვარსკვლავები... ბიჭებს მოსწონდათ ყველაფერი, დიდხანს დადიოდნენ თოვლზე, განსაკუთრებით გაუკვალავ თოვლში სიამოვნებდათ სიარული. ცისფერჯემპრიანმა ფეხი იტკინა ერთხელ, ლოგინში ჩაწვა. სწრაფად გაიარა არდადეგებმა, დაცარიელდა ბაკურიანი. ცისფერჯემპრიანი ფანჯარასთან იწვა. წითელჯემპრიანიც სულ სახლში იჯდა, საჭმლის მოსატანად თუ გავიდოდა გარეთ. იყვნენ ასე – ერთი იწვა, მეორე იჯდა ფა იყურებოდნენ ფანჯარაში. გარეთ ყველაფერი დაეფარა თოვლს... ხანდახან რაიმეს უყვებოდნენ ერთმანეთს – ჯერ უხალისოდ ლაპარაკობდნენ, მერე გაახსენდებოდათ რაღაც, უფრო მნიშვნელოვანი. გატაცებით ამტკიცებდნენ რაღაცას. იწურებოდა კამათის თემა, ისევ ფანჯარაში იყურე ბოდნენ. გარეთ ყველაფერი დაეფარა თოვლს. თოვლი მობეზრებოდათ უკვე ბიჭებს, თავს მეორე მხარეს ატრიალებდნენ და კედელს უყურებდნენ. კედელზე ლაქები იყო. ზოგი ლაქა წვერებიან კაცს ჰგავდა, ზოგი დათვს, ზოგი ვინ იცის რას. ბიჭები ლაქებს უყურებდნენ და ერთობოდნენ.
ახლა ვაგონში სხედან ვიღაც კაცის პირდაპირ.
კაცი ხშირად იყურება ფანჯარაში. ფანჯარაში თოვლი და ხეები ჩანს, მეტი არაფერი. ხეები ეგებებიან ბიჭებს – ხან თითო-თითოდ, ხან ორ-ორად, ხან ბევრნი ერთად.კაცის მზერა მიჰყვება ხეებს, ხან თითო-თითოს, ხან ორ-ორს,ხან ბევრს ერთად.
ბიჭებს ჩქარა ბეზრდებათ ფანჯარაში ყურება. ხან ვაგონის ჭერს შეხედავენ, ხან იატაკს, რაიმე გასართობის პოვნის იმედით. ჭერი ახლახან შეუღებიათ თეთრად, მოდი და გაერთე - ლაქა რომ ლაქაა ისიც არა აქვს. იატაკის ფიცრები ერთმანეთს მიჰყვებიან და ხაზებს ჰქმნიან, კარგი გასართობია.
„ნეტა თხილამურები მაინც გადმოვარდეს, რომ გავასწორო“, ფიქრობს ცისფერჯემპრიანი.
წითელჯელჯემპრიანს ძალიან უნდა რომელიმე სიმღერა წაიღიღინოს, მაგრამ კაცის ერიდება. რითი გაირთოს თავი? კაცი რომ არ იყოს, თემურის უამბობდა მაიაზე. უამბობდა, როგორი კარგი გოგოა მაია, როგორი მოსიყვარულე გული აქვს. იმდენად მოსიყვარულე, რომ ბაზარში ნაყიდი და თავქვე დაკიდებული ქათამიც ეცოდება – დაკლავენო. ამ კაცთან რა უნდა თქვას...
„გააჭირა საქმე,“ - ფიქრობს წითელჯემპრიანი და კაცის ჩექმებს უყურებს, - „ამოვიდა და დაგვიჯდა ცხვირწინ. ხომ ვერ გსდავჯდებოდით. ვერაფერი მომიყოლია. გააჭირა საქმე“.
კაცი არაფერს აშავებს. ზის თავისთვის და იყურება ფანჯარაში. მზერა აცილებს ხეებს – ხან თითო-თითოს, ხან ორ-ორს, ხან ბევრს...
თოვლი თანდათანობით, შეუმჩნევლად ჰკარგავს სითეთრეს, ნაცრისფერი ხდება. ვაგონში ნათურები ინთება.
წითელჯემპრიანს კაცის სახის დათვალიერება უნდა. უცებ რომ შეხედოს, იცის, შეამჩნევს კაცი... ნელა აპარებს სახისკენ მზერას – ჯერ მუხლის თავზე მოთამაშე მუნდშტუკზე აჩერებს, შემდეგ გულისჯიბის ღილზე. ცოტაც და...
„რა დიდი ცხვირი აქვს“, ფიქრობს წითელჯემპრიანი.
კაცი ისევ ფანჯარაში იყურება.
„რა უაზრო გამომეტყველება აქვს“, ფიქრობს წითელჯემპრიანი. პატარა მატარებელი საკოჭაოში ჩერდება. ბიჭები უფრო ინტერესით იხედებიან – იქნებ აქ მაინც დაინახონ რაიმე გასართობი.
ბაქანი განათებულია. კედელზე ზარი ჰკიდია. ზართან კაცი ფგას, ისეა შეფუთვნილი, ვერც გაიგებ, გამხდარია თუ მსუქანი. ბიჭები ხარბად იყურებიან ფანჯარაში, იქამდე იყო მხოლოდ ხეები და თოვლი და უცებ გაჩნდა ბაქანი, ზარი და კაცი. ეს რაღაც ახალია, რაღაცით დამაინტერესებელი.
შეფუთვნილი კაცი ბიჭების ისეთ დაჟინებულ მზერას გრძნობს, რომ ცოტათი იბნევა. არ უნდა, რომ ბიჭებმადაბნევა შეამჩნიონ და, აქაო და ვითომ არაფერიო, გვერდზე იფურთხება.
„ერთი ლაქა მაინც იყოს ამ ჭერზე“.
თოვლი უკვე რუხი ფერისაა. იმ ადგილზე, სადაც ვაგონის სინათლე ეცემა, თოვლი ბზინავს.
ბიჭებამდე ზარის ხმა აღწევს. შეფუთვნილმა კაცმა შეასრულა თავისი მოვალეობა და სადღაც მიდის. იცის, რომ ბიჭების დაჟინებული მზერა კვალდაკვალ მიჰყვება და ცდილობს კოხტა ნაბიჯებით იაროს. ხელებს ზომიერად იქნევს, მუხლებს ჩვეულებრივზე მაღლა სწევს, სასაცილო დაჭიმულობა იგრძნობა მის სიარულში. წითელჯემპრიანს ეღიმება და თავს თანამგზავრებისაკენ ატრიალებს. თემურიც იღიმება. კაცი მუნდშტუკს აღარ ათამაშებს, მუხლზე აქვს დაბჯენილი.
„რა უაზრო გამომეტყველება აქვს... რამხელა ცხვირი...“
კაცი სადღაც იყურება.
„რა ნახა ნეტავ, ამ ფანჯარაში?“
კაცი არაფერს არ უყურებს, უბრალოდ იყურება.
პატარა მატარებელი განაგრძობს გზას.
კაცის მუხლზე მუნდშტუკი თამაშს იწყებს – ხან იმ ბოლოთი ეხება მუხლს, სიგარეტს რომ სდებენ, ხან იმით, კაცის კბილები რომ იკავებს.
- გიყვართ? - ეკითხება უცებ კაცს თემური.
- რა? - ვერ იგებს შეკითხვას კაცი და უღიმის.
- თოვლი... გიყვართ-მეთქი თოვლი?
- კი. კარგია თოვლი.
- თქვენ ალბათ ძალიან გიყვართ თოვლი, - ამბობს წითელჯემპრიანი, - თვალი არ მოგიცილებიათ ფანჯრისათვის.
- ხო... ძალიან მიყვარს. მაპატიეთ
- რატომ გიყვართ? - ეკითხება წითელჯემპრიანი, ოღონდ ისეთი გულუბრყვილო ტონით, რომ კითხვის ახირებულება არ იგრძნობა.
- რა ვიცი... - ამბობს კაცი, - როცა დათოვლილ მიწას და ხეებს ვუყურებ, სიმშვიდეს ვგრძნობ. დიდი სიმშვიდეა თოვლში, უზარმაარი... შეიძლება, სიმშვიდეზე ითქვას უზარმაზარი?
- კი, როგორ არა... ყველაფერი შეიძლება იყოს უზარმაზარი.
- ხო... ამიტომ მიყვარს თოვლი.
- სიმშვიდე რომ იგრძნობა? - ეკითხება თემური.
- ხო. მე მიყვარს სიმშვიდე. დიდხანს, დიდხანს ვუყურებ ხოლმე თოვლს... მერე შევაცქერდები რომელიმე ნაძვს. ნაძვის ტოტებზე თოვლი დევს, არც მოხრილია და არც ირხევა. მაინც შემეშინდება ხოლმე, რომ ნაძვი არ გაინძრეს და თოვლი არ ჩამოყაროს მხრებიდან... ეგრე რომ მოხდეს, სიმშვიდე დაირღვევა.
- მე არ მიყვარს სიმშვიდე, - ამბობს წითელჯემპრიანი.
- ხო, შენ ახალგაზრდა ხარ, არც უნდა გიყვარდეს. შენ თოვლი ალბათ იმიტომ გიყვარს, რომ ზედ თხილამურებით სრიალებ. - და აგუნდავებ.
წითელჯემპრიანს არ მოსწონს კაცის პასუხი. ბრაზდება და ისეთ შეკითხვას ეძებს კაცისთვის, რომ დასცინოს, მაგრამ არ აგრძნობინოს. - ბოდიში, თქცენ ლექსებს ხომ არ წერთ?
- არა, - იღიმება კაცი – რატომ მკითხეთ?
- წეღან ისე ღრმად აღწერეთ ზამთრის პეიზაჟი...
- ეჰ, ეგ რა აღწერაა, - ამბობს კაცი – კოეტი რომ ვიყო, მეცოდინებოდა, ითქმებოდა თუ არა სიმშვიდეზე უზარმაზარი.
კაცი სიგარეტს აბოლებს. - უზარმაზარი, დაფიქრებით ამბობს – რა კარგი სიტყვაა...
- როგორ კარგი?
- როგორ და... იცით, მე მეჩვენება, რომ ზოგიერთი სიტყვა საოცრად ლამაზად ეხამება თავის მნიშვნელობას. ესე იგი სიტყვის ჟღერადობა, ხმოვანება ეთანხმება. მაგალითად,,ზარბაზანი“... რაღაც ძლიერი, მრისხანე ისმის ამ სიტყვის წარმოთქმის დროს. თუნდაც სიტყვა „ჩიტი“. ამ სიტყვაში თითქო ჩანს პატარა, ნაზი არსება, სუსტი და უმწეო... სიტყვა „უზარმაზარიც“, მგონი შეეფერება თავის მნიშვნელობას. მგონი ვერ გამიგეთ...
მთლიანად ვერა...
აბა თქვით „უზარმაზარი“
უზარმაზარი.
ვერ გრძნობთ რაღაც დიდს, ძალიან დიდს?
ვერა...
მე ვგრძნობ, - ამბობს თემური - მე მგონი „ვეფხვიც“ კარგია.
კი,კარგია,-მაშინვე ეთანხმება კაცი -„ლომი“.
ლომი? „ლომი“, მე მგონი ცუდია. როგორღაც ნაზად ჟღერს.
ხო. სად ის მრისხანე ცხოველი და სად,-კაცი ხმას იწვრილებს, - ლომი.
- „მთვარე“ კარგია, - იგონებს სიტყვებს თემური - „მზე“...არა. მზეს რაღაც უფრო დიდი, უფრო მჟღერადი სახელი უნდა ერქვას.
ხო,აბა რა,-ამბობს კაცი და უხარია, თემურმა რომ გაუგო.
ჩუმდებიან. წითელჯემპრიანი დგება.
საით, დათო?
ცოტათი გავხურდები,თორემ შემცივდა.
რამ შეგაცივა, ბიჭო...
რა ვიცი...
დათო ხელებს ჯერ აქეთ-იქით იქნნევს, მერე წრეებს ხაზავს ჰაერში. სწრაფად ჯდება და სწრაფადვე იმართება, თემურის თავისი ნატკენი ფეხი ახსენდება.
-კარგია ახალგაზრდობა, - ეუბნება თემურის კაცი.
დათო რატომღაც უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და თავის ადგილს უბრუნდება.
მატარებელი ჩერდება.
- რა სადგურია, ნეტავ?-ამბობს თემური და ფანჯარაში იყურება.
თოვლი უკვე ლურჯია. მხოლოდ იქ ბზინავს, სადაც სინათლე ეცემა. - პატარა ცემია, - ამბობს კაცი და ფანჯარაში იხედება – ხო, პატარა ცემია.
დათო კაცს უყურებს და ბრაზდება. რატომ მიანება ვარჯიშს თავი? რატომ ერიდება ამ კაცის?
„რამხელა ცხვირი აქვს... რა სულელური გამომეტყველება“...
ისევ ისმის ზარუს ხმა. ისევ წინ მიდის პატარა მატარებელი.
მართლა აცივდა ცოტათი... ალბათ საიდანღაც უბ ერავს, - ამბობს თემური.
- გახსოვს თემურ, ზღვაზე რომ ვიყავით, ღამით რომ სიცხით ვიხუთებოდით, ღია ფანჯარას რომ შევყურებდით და ვნატრობდით, ნეტავ საიდანმე დაუბეროსო. გახსოვს?
როგორ არ მახსოვს, ამბობს თემური.
- რა კარგი იყო, გახსოვს, ზღვა, - ამბობს დათო და კარგ ხასიათზე დგება – არაფერი ჯობია ზღვას.
ზღვაც მოგბეზრდა ბოლოს, მახსოვს.
არაფერიც, სრულებითაც არ მომბეზრებია.
როგორ არა...
- რას ამბობ, ზღვას რა მომაბეზრებდა... ეჰ, რა კარგია ზღვა. ჯერ მარტო ის რად ღირს, სილაზე რომ დაწვები, არა, დაწვები კი არა, დაეგდები და მზეს მიანდობ სხეულს. მზე დაგწვავს, დაგთენთავს, დაგეუფლება, ვერაფერზე ფიქრობ, აღარ გახსოვს არაფერი, მზეს გრძნობ მხოლოდ. ბოლოს წამოდგები, ხარ... შეიძლება ითქვას „მზით გაჟღენთილი“?
რა ვიცი...
- შეიძლება, ალბათ... ხარ გაჟღენთილი მზით და შედიხარ გრილ, სასიამოვნო ზღვაში. ისეთ ლამაზ ზღვაში. აი, ზღვა მართლაც უზარმაზარია. უზარმაზარი ზღვა... ზღვას მართლა უხდება სიტყვა „უზარმაზარი“, - ამბობს დათო და კაცს უყურებს.
კაცი ფანჯარაში იყურება. მუქი ლურჯი ფერისაა უკვე თოვლი.
„რა უაზრო გამომეტყველება აქვს“, - ფიქრობს დათო და კაცთან ლაპარაკის ხასიათზე დგება – თქვენ გიყვართ ზღვა?
რა ვიცი, აბა...
როგორ! ალბათ არ გინახავთ არა?
კი, მინახავს...
მერე, როგორ შეიძლება არგიყვარდეთ ზღვა. ზღვა ისეთი ლამაზია, ისეთი დიდებული...ხომ გინახავთ მზის ჩასვლა ზღვაში?
კი, როგორ არა, მინახავს... - უხალისოდ ამბობს კაცი და ფანჯარას თვალს არ აშორებს.
„როგორ ვიყავი დარწმუნებული, რომ ბუნება უყვარდა“, - ფიქრობს თემური. - მერე, არ მოგწონებიათ? რა ლამაზია მზის ჩასვლა ზღვაში... - ამბობს დათო და ჭერს უყურებს. ჭერი ხდება მოლურჯო-მომწვანო და ლურჯი. ლურჯ ფერში ჩნდება ოქროსფერი, მოწითალო დისკი. დისკი ნელა, აუჩქარებლად ტოვებს ლურჯ სივრცეს და მოლურჯო-მომწვანოში იმალება.
ეჰ, რა კარგია ზღვა, - ამბობს დათო – განა შეიძლება ზღვა არ გიყვარდეს?
ალბათ შეიძლება, - ამბობს კაცი.
- ნუთუ მარტო სიმშვიდე გიყვართ? თუმცა, ზღვაზე ისეთი სიმშვიდეა მზის ჩასვლის დროს... იცით, მე დაკვირვებული ვარ, როდესაც მზე ზღვაში ჩადის, მზის და ზღვის სანახავად მისული ადამიანები, რომლებიც ნაპირზე დგანან, ჩუმად ლაპარაკობენ. მათ ეშინიათ სიმშვიდის დარღვევა.
მე ისეთი სიმშვიდე მიყვარს, თავდავიწყება რომ მოაქვს.
- მერე? განა ზღვა არ იძლევა თავდავიწყების მიზეზს? განა მხოლოდ სიმშვიდეს მოაქვს თავდავიწყება? ვერაფერი მაგრძნობინებს ისეთ ღრმა თავდავიწყებას, როგორც აღელვებული ზღვა. უხ, რა კარგია ზღვა, როცა ღელავს...
კაცის ხელი ნერვიულად აკაკუნებს მუხლზე მუნდშტუკს. - რა კარგია ღელვის ყურება, - ამბობს დათო და სადღაც იყურება – ზღვა შორიფანვე ამზადებს ტალღას – ჯერ ოდნავ ატოკებს, მერე ატორტმანებს, მერე სხვა ტალღებს უერთებს ბღუჯა-ბღუჯად, მერე მოიქნევს და... ისმის ხმაური, ტალღა მოდის ნაპირისაკენ, ჯერ დიდ ქვებს მოაგორებს, მერე კენჭებს, მერე, სულ ბოლოს სილას ებღაუჭება და მე მეჩვენება, რომ ტალღას აქვს თითები... ნუთუ არ გიყვართ ზღვა?
კაცის სახეზე ყვრიმალები თამაშობენ.
ნუთუ არ გიყვართ მღელვარე, ძლიერი ზღვა?
დამანებე თავი!!! რა გინდა ჩემგან, რა?
კაცი წამომხტარა ადგილიდან. ანთებული თვადებით უყურებს დათოს, თვალებში სიძულვილი დაუგუბებია, მზადაა მივარდეს.
რა დაგიშავეთ? - გაკვირვებით ეკითხება დათო.
კაცი ხედავს მათ გაკვირვებულ სახეებს. ჯდება. მშვიდდება თითქოს.
მაპატიეთ, - ამბობს კაცი და თავს ხრის.
დათო მხოლოდ ეხლა გრძნობს გაბრაზებას. „რატომ მიყვირა? რატომ, როგორ გამიბედა უმიზეზოდ ყვირილი?“ იცით რა, - ამბობს დათო – ჩემ ტოლს არ მოვუთმენდი... თქვენ კი...თქვენ რა უნდა გითხრათ... მამაჩემის ხნის კაცი ხართ...
ასეთ დროს სიჩუმე საჭიროა და აუცილებელი.
იატაკის ფიცრები ერთმანეთს მიჰყვებიან და ხაზებს ჰქმნიან.
დათოს უნდა, რომ შეხედოს კაცს, მაგრამ უცებ შეხედვის ეშინია, იცის, რომ კაციც შეხედავს.
მატარებელი განაგრძობს გზას. მატარებელი თურმე რომელიღაც სადგურზე გაჩერებულა, ცოტა ხანს მდგარა, მერე ზარიც დაურეკიათ და დაძრულა მატარებელი. დათო ჯერ კაცის ჩექმებს უყურებს, მერე მის მუხლს, მერე გულისჯიბის ღილს... დათო უყურებს კაცს.
კაცს სულაც არა აქვს დიდი ცხვირი.
კაცს აქვს სევდიანი გამომეტყველება.
- მაპატიეთ, - ამბობს დათო.
- რა გაქვს, შვილო, საპატიებელი, შენ ხომ არ იცოდი... პირიქით, - მე მაპატიეთ,რომ ავყვირდი. მე შენ კი არ გიყვიროდი... ზღვას ვუყვიროდი, ზღვას...
ისევ სიჩუმე... კაცის მუხლზე თამაშს იწყებს მუნდშტუკი. ხან იმ ბოლოთი ეხება მუხლს, კაცი რომ კბილებით იჭერს, ხან იმით, სიგარეტს რომ სდებენ.
დათოს უნდა, რომ ანუგეშოს კაცი, ან ისეთი რამ თქვას, კაცს რომ ესიამოვნოს. ვერ პოულობს სიტყვებს...
ისევ ფანჯარაში იყურება კაცი. მთლად გაშავებულა თოვლი, შავად ჩანს, მაინც თეთრია ალბათ... - ხო... ძალიან მიყვარს. სულ ის ზღვა მიდგას თვალწინ, მღელვარე ზღვა... თოვლს რომ ვუყურებ, მავიწყდება ყველაფერი, სიმშვიდეს ვგრძნობ მხოლოდ. ხანდახან შევაცქერდები რომელიმე ნაძვს. ნაძვს ტოტებზე ბევრი თოვლი ადევს, მაგრამ არ არის მოხრილი, არც ირხევა. მაინც შემეშინდება ხოლმე, რომ ნაძვი არ გაინძრეს და თოვლი არ ჩამოიყაროს მხრებიდან... ეგრე თუ მოხდა, დაირღვევა სიჩუმე, თვალწინ დამიდგება ზღვა და გამახსენდება... მეტკინება გული... მე მიყვარს სიმშვიდე...
კაცი ნაღვლიანად იღიმება და ამბობს: - უზარმაზარი სიმშვიდე.
ისევ ფანჯარაში იყურება კაცი. ისევ წინ მიდის პატარა მატარებელი.
„უზარმაზარი“... ფიქრობს დათო - „მართლა კარგი სიტყვაა ეს,,უზარმაზარი“.