შვილმკვდარი მამის ცრემლი მინახავს,
როცა მეორე შვილიც უკვდება,
როცა, ერთადერთს, ყიდის ქონებას
და ღია ცის ქვეშ ბედს ეურჩება,
როცა უამრავ ახლობელს შორის,
ადამიანი არ ეგულება,
როცა მუხლმოყრილს, უფლის წინაშე,
ცრემლი და სისხლი ერთად უშრება,
ვედრებადქცეულ შვილის თვალებს კი,
სანუგეშოს რომ ვერ ეუბნება
და შემორჩენილ, ცრემლიან, იმედს
სასოწარკვეთით ებღაუჭება,
ისიც მინახავს, როგორც კეთროვანს,
ნიშნის მოგებით, რომ განუდგება,
ვინც ფიქრობს, რომ ეს სხვისი ჭირია
და მას არასდროს არ ემუქრება,
იქნებ შევჩერდეთ და მოვუსმინოთ,
ჩვენი სინდისი, რას გვეუბნება,
რასაც ვფიქრობთ და რასაც ვაკეთებთ,
ბუმერანგივით, უკან ბრუნდება,
ცოდვის ქაოსში ისმის ქვითინი,
უფლის თვალებში ცრემლი გუბდება,
რადგან ვერაფრით ვერ გავარჩიეთ,
ცოდვა-მადლი და უკეთურება...
Sort: Trending