სიზმარი ახდა და მე წყალში ვარ,
იმხელა წყალში, ოთხივე მხარეს
თვალუწვდენელი ჰორიზონტია
და ზეცასავით შორს არის მიწა,
ზურგის ქარისგან მხოლოდ ბორტიან
გემების ზოგჯერ ჩამოვლა მიცავს.
დაღვინებული თავის სიშორით,
სივრცის პატრონი და დირიჟორი –
ფსკერი კუდივით სიშავეს იქნევს
და ამლაშებულ ზრახვებს და ფიქრებს
მიმხელს წითელი თევზებით ენით,
მიმხელს თევზების პირის ოვალით,
თევზი კი ცდილობს, წარსულის წყენას
გადააყოლოს ყველა ხმოვანი.
არ მესმის, მაგრამ ნაწილი ფილტვით,
ამ უზარმაზარ წყალში თუ ზღვაში,
ბავშვობისაკენ ბოლოჯერ ვილტვი
და რასაც ტკივილს ვეძახდი მაშინ -
ჭრილობას, ეკალს, მასრას, დამწვრობას,
ყველას ვიხსენებ და ჩემთვის ვბოდავ
მდინარის სიღრმის გამოსაცნობად,
როგორ ვისროდი წყლისაკენ ლოდებს.
ვესაუბრები მთვარეს ქარივით,
ერთს ვეუბნები, ჩაესმის სულ სხვა,
ყველგან წყალია და ზღვის მარილი
ჩემს მოურჩენელ ჭრილობას სუსხავს.
ყრუ სიბნელეში ვუსმენ სრულებით,
ძალაგამოცლილ ხელების შიშინს
და ხმელეთისკენ არც ვიყურები
არარსებული ნაპირის შიშით.